შესაძლებელი იქნება ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები იგეგმება

პუბლიკა

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე დაშვებული იქნება ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება.

შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულების  სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება.

არანაკლებ 60-კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა.

ამის შესახებ წერია 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.

გეგმის მიხედვით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შემუშავდება შემდეგი ცვლილებები:

– განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;

– დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;

– ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;

– შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;

– განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება;

– შესაძლებელი იქნება არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავება, რომლის დასრულებაც სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება;

– არანაკლებ 60-კრედიტიან სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდა;

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებიდან ამოღებულ იქნება სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის ტერმინი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით;

– იურიდიული პირები საავტორიზაციო განაცხადს მთავრობის მიერ კონცეფციის მოწონების გარეშე ვერ წარადგენენ;

– სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის/სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ავტორიზაციის საბჭო, სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელზეც აკრედიტაციის ფარგლებში სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა არ არის განსაზღვრული) განხორციელების შემთხვევაში, განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას;

– სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ საშუალება თავად განსაზღვრონ სადისერტაციო საბჭოების ფორმირების წესი;

– ავტორიზაციის საბჭოს ექნება უფლებამოსილება, სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდოს არა მხოლოდ დაწესებულების, არამედ უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვითაც;

– დარეგულირდება დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არაუმეტეს 6 თვის ვადით დანიშვნის საკითხი.