„შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა" - ხუნდაძე ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნაზე

პუბლიკა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ შესაძლებელია ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის განხილვა, თუმცა მისივე თქმით, ამის აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი.

ამის შესახებ დეპუტატმა „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას განაცხადა, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად – შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში შემოსული ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის საკითხის განხილვა.

„შესაძლებელია ამ საკითხის [ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის] განხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი. ჯერ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური დაზღვევის მექანიზმი იმისა, რომ ისინი არ იქნებიან სხვისთვის გადამდებნი და ეპიდემიოლოგიურად ხიფათის შემცველნი.

რა თქმა უნდა, თუკი ამ წესებს დავიცავთ – სარესტორნო ბიზნესში თუ შევძლებთ იმას, რომ დისტანცია იქნას დაცული, თუკი იქ იქნება დაცული ის მოთხოვნა, რომ ვიზიტორს ექნება ან აცრის დამადასტურებელი, ან ის, რომ გადატანილი აქვს და ის არ არის გადაცემის საფრთხე, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციების განხილვა შეიძლება“, – განაცხადა ხუნდაძემ.