მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გამართული ბრიფინგის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გუშინ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კითხვაზე – რატომ არ არიან დაკავებული გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებული პირები? – მდინარაძემ უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ადამიანების დასაკავებლად მტკიცებულებების მაღალი სტანდარტია საჭირო.
„არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე აქვს რეაგირება შესაბამის უწყებებს, შესაძლებელია დაკავებები არ განხორციელდეს, მაგრამ კარგია, რომ დასაწყისშივე ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია და გამჟღავნებით მოხდა პრევენცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ყველამ იცის, რომ ახლა პირობითაც „ნაცმოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, ეს ხალხი ყველა დაჭერილი იქნებოდა უკვე. მათთვის ერთი საუბარიც საკმარისი იქნებოდა, ჩვენთვის უწყებებისთვის საჭიროა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი.
როდესაც საუბრობენ გეგმაზე, ეს გეგმა სისრულეში თუ არ მოვიდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა მათი დაკავება ვერ მოხერხდეს და არ განხორციელდეს. არშემდგარ დანაშაულზე, რომელზეც ჩანასახშივე აქვს რეაგირება შესაბამის უწყებებს, შესაძლებელია დაკავებები არ განხორციელდეს, მაგრამ კარგია რომ დასაწყისშივე ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია და გამჟღავნებით მოხდა პრევენცია.
ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ გეგმის სისრულეში მოყვანა გაუადვილდეთ, რადგან საზოგადოებამ უკვე დეტალურად იცის მათივე ლეგიტიმურად მოპოვებული მტკიცებულებებიდან. ისინი გეგმავდნენ პროვოკაციებს.
გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო და ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და მოიპოვეს მტკიცებულებები, რომელთაგანაც ერთ-ერთი გუშინ გააცნეს საზოგადოებას.
თუ რამე მტკიცებულება იქნება იმგვარი, რომ მაღალი ალბათობით დაადასტურებს კონკრეტული ადამიანების სისრულეში მოყვანილ რომელიმე დანაშაულს, ან მომზადებას ამ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებაც იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანისთვის ხელშეშლა და დაიწყო გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე.
სუს-ის ჩანაწერების ფიგურანტი ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სუს-ის ჩანაწერებისთვის არ უსმენია და ავთენტურობას ვერ ადასტურებს, თუმცა ჟურნალისტმა როდესაც სუს-ის ჩანაწერის პერიფრაზი გააკეთა, მან დაადასტურა და თქვა, რომ ამას ყოველდღე წერს Facebook-ზე.
მისივე თქმით, მას დაურეკა გამომძიებელმა და გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა უარი თქვა. წერედიანი აცხადებს, რომ დათანხმდა გამოკითხვას მაგისტრ მოსამართლესთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თავადაც აპირებდა, ხელი შეეშალა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის პროცესისთვის.
“მაშინ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მეც ვაპირებდი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის ფიზიკურად ხელშეშლას და შეგიძლიათ მეც დამაკავოთ, თქვენს მიერ გამოგონილი ამ საბაბით.” – განაცხადა ბარამიძემ.