საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ Covid 19-ის დამარცხების შემდეგ, მნიშვნელოვანია, სად იქნება ეკონომიკურად ქვეყანა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეფექტურად დამარცხდეს ეს გამოწვევა ქვეყანაში, საჭიროა სხვადასხვა სფეროში ბალანსის დაცვა.
„მთავარი არის ის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ამ გამოწვევას, Covid 19-ს, როგორც ჯანდაცვის, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობის გამოწვევას, სად იქნება ჩვენი ეკონომიკა, სად იქნება ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სად იქნება ჩვენი სოციალური ქსოვილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გლობალური კონკურენცია ჯერ არავის არ გაუუქმებია და ვერავინ გააუქმებს, როგორც კი მსოფლიო დასძლევს ამ გამოწვევას და, რა თქმა უნდა, დასძლევს, ჩვენ ჩავერთვებით ახალ გლობალურ კონკურენციაში და ის რესურსები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვუფრთხილდებით… ამას ვეძახი მე ბალანს, ჩვენ უნდა დავამარცხოთ, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური მდგრადობა ეკონომიკაშიც, ჩვენს სოციალურ ქსოვილშიც, პოლიტიკურ სტრუქტურაშიც და კიდევ ბევრ რამეში. ეს არის ეფექტურობა“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, შესაძლებელია გამოხცადდეს სრული საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, გაჩერდეს სამუშაო ადგილები და კორონავირუსული ინფექცია დამარცხდეს სწრაფად, თუმცა უნდა შეფასდეს, რის ფასად და რა დანაკარგით.
„შესაძლებელია, ჩვენ ქვეყანაში ჩავაქროთ შუქი, გამოვაცხადოთ სრული საგანგებო მდგომარეობა, სრული კარანტინი, თითოეულ მოქალაქეს დავავალოთ და ვაიძულოთ, რომ დარჩეს სახლში, გაქრეს ყველა სამუშაო ადგილი და შესაძლებელია, რომ ვიღაცაზე ადრე დავამარცხოთ, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური. მერწმუნეთ, როდესაც ამას დავძლევთ, შეფასება იქნება ასეთი, რა ძალისხმევით, რის ფასად, რა დანაკარგებით“, – თქვა მან.
გახარიას თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსულ ინფექციას ქვეყანა წარმატებით ებრძვის.
„ჯერჯერბოთ გამოგვდის ბევრ სხვაზე უკეთესად. ამ წარმატების გასაღები არ არის მხოლოდ ხელისუფლება, ამ წარმატების გასაღები მთლიანად ჩვენი საზოგადოებაა“, – თქვა გახარიამ.