„ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული პირებისთვის პარტიული და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხება.
საკომიტეტო განხილვაზე კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ასეთ პირებს შორის „ოცნებამ“ შეიძლება დაასახელოს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ის პირებიც, რომელთა საქმიანობაც, გორდულაძის თქმით, თანხვედრაშია პარტიის მიზნებთან.
„ისევე როგორც უშუალოდ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, მოამზადონ სარჩელი და მოითხოვონ ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პარტიის საქმიანობის აკრძალვა. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და ამავდროულად მეორე მხარესაც ექნება შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები დაიცვას.
იგივე ეხება პირთა სიას. რა თქმა უნდა, იქნება დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად უწყობდა ხელს კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება ყოველი კონკრეტული პირის შემთხვევაში და არა კრებითად…
შესაძლებელია, საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ… დამოკიდებული იქნება შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი იმდენადაა გამტკიცებული მტკიცებულებებით, რომ სასამართლო ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, „პარტიას ქმნიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, იდეოლოგები და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც პარტიის სულისკვეთებას, პარტიის მიზანს თვითონ პრაქტიკაში აღასრულებენ“, ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონში განსაზღვრული იყოს, რა შედეგი მოჰყვება სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვას.
„კანონში მითითებულია პარტიის აკრძალვის მხოლოდ ერთი შედეგი და ეს არის გაუქმება კონკრეტული პარტიის სარეგისტრაციო ნომრისა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ პარტია არ არის მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი ან პარტია არ არის მხოლოდ ის შენობა-ნაგებობა, სადაც სათავო ოფისია განთავსებული.
მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფისი საერთოდ არ გააჩნია და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გაყიდეს კიდეც ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, შავ ფულს ვეღარ ატრიალებენ მარტივად, ისევ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე.
გამომდინარე იქიდან, რომ პარტიას ქმნიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, იდეოლოგები და მათთან დაკავშირებული პირები, რომლებიც პარტიის სულისკვეთებას, პარტიის მიზანს თვითონ პრაქტიკაში აღასრულებენ, მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა ქვეყნის კანონმდებლობაშია ასახული, ჩვენთანაც გაიწეროს ის შედეგები, რომელიც საკონსტიტუციოს მიერ აკრძალული პარტიის შედეგებში გადაითარგმნება“ – განაცხადა გორდულაძემ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებები შედის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარმდგენს შეეძლება, მოითხოვოს, რომ პირს, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პარტიასთან, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, აეკრძალოს:
- პარტიის დაფუძნება,
- პოლიტიკური პარტიის წევრობა,
- პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელობა/წევრობა,
- სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობის და
- კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება
თუ საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სარჩელს დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ასეთ პირს პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალება.