„შესაძლო პროვოკაციების პრევენცია“ - დღეს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებენ. 

„18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, “- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს პარლამენტში, 12 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენაა დაგეგმილი. გუშინ მედიის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურთ გომელაურის მოსმენის დროს პარლამენტში შესვლა.