შესაძლოა, აჭარაში საჭირო გახდეს პერსონალის მობილიზაცია – ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში დაემატება 170 საწოლი, უსიმპტომო პაციენტები კი მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომლებიც შესაბამისი ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი.

„აჭარაში დღესდღეობით მობილიზებულია 400-მდე საწოლი და 48 საათში დაემატება 170 საწოლი, რაც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაკადის უწყვეტ მართვას. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე. რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, მკურნალობას გაივლის სასტუმროებში, სადაც ასევე განთავსებულია სამედიცინო პერსონალი და მათთან იწარმოებს მუდმივი მონოტორინგი“, – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საჭიროა პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტი ჩართულობა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დარჩება ბათუმში და მისი მეთვალყურეობით გაიმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რათა მართონ სახლის პირობებში ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ თვითიზოლაციის საშუალება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა აჭარის რაიონების სამედიცინო პერსონალთან და არ გამორიცხა პერსონალის მობილიზაციის საჭიროება.

„ჩვენ ასევე დაავანონსეთ, რომ შეიძლება საჭირო გახდეს პერსონალის მობილიზაცია. ამ მხრივ, დავეხმარებით კლინიკებს, იმისთვის, რომ არ იყოს პერსონალის დეფიციტი. დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, როგორი დეკრეტებითა და რა ინსტრუმენტებით მოხდება ამ პერსონალთან მოლაპარაკება და შემდგომ მათი მობილიზაცია იმ საავადმყოფოებში, რომლებიც სრულად იქნებიან ჩართულნი covid-ინფექციაზე“ – განაცხადა ტიკარაძემ.