შესაძლოა, ადგილობრივ არჩევნებში კვოტირება სიაში მეორეს ნაცვლად მესამე კანდიდატით განისაზღვროს

პუბლიკა

2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი – აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში შევა.

საკითხი 22 ივნისს, დილის 03:19 წუთზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, რომელზეც კანონპროექტი მეორე მოსმენით იქნა განხილული.

ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტის დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.

„გვაქვს კვოტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიებისგან არის პრობლემატიკა დაყენებული, რომ ეს რეალურ პრობლემას შექმნის, იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციები იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

რეალურად, პარტიებს ექმნებათ პრობლემა, რომ ყოველი მეორე დააკომპლექტონ. წინადადება არის, რომ ესეც დაუახლოვდეს პარლამენტის სტანდარტს და ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი იყოს განსხვავებული სქესის 2028 წლამდე… გთხოვთ მხარდაჭერას“, – განაცხადა პაპუაშვილმა განხილვისას.

კანონპროექტზე საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს იმსჯელებს, ხოლო საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად ხუთშაბათს გავა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არის საკითხები, რომელთა გაზიარების მზაობა მმართველ გუნდს არ აქვს.