ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს აფრთხილებს და აცხადებს, რომ აფრიკა შესაძლოა ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შემდეგი ეპიცენტრი გახდეს.
BBC წერს, რომ გაეროს ოფიციალური პირების განცხადებით, Covid 19-ის ინფექციის გავრცელებამ შესაძლოა აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში ყველაზე ცოტა 300 000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს და დაახლოებით 30 მილიონი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესოს.
ჯერჯერობით აფრიკის კონტინენტზე Covid 19-ით ინფიცირების 19 000 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილია 1 000-მდე ადამიანი. ეს ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში.
როგორც BBC წერს, გაეროს ეკონომიკური კომისია, რომელიც აცხადებს, რომ შესაძლოა აფრიკაში ვირუსით სულ ცოტა 300 000 ადამიანი გარდაიცვალოს, ითხოვს 100 მილიარდ დოლარს აფრიკის კონტინენტის ქვეყნების დასახმარებლად და ასევე ითხოვენ მათი საგარეო ვალის გადახდის პროცედურა დროებით შეჩერდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით ვირუსი არ არის გავრცელებული აფრიკის ქვეყნების დედაქალაქებში.
მათივე განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე არ არის საკმარისი სასუნთქი აპარატებიც.
ორგანიზაციის განცხადებით, საფრთხეს ზრდის ის ფაქტორი, რომ აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის მესამედს საკმარისად არ მიეწოდება წყალი და მოსახლეობის 60% ცხოვრობს ისეთ ურბანულ დასახლებებში, რომლებიც გადატვირთულია და არის მაღალი რისკი, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდეს.
როგორია კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ეპიდემიური სურათი აფრიკის კონტინენტზე?
ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მიხედვით, ჩრდილოეთ აფრიკა კონტინენტის ყველაზე მეტად დაზარალებული ნაწილია. ალჟირს, მაროკოსა და ეგვიპტეს აქვთ 2000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ჰყავთ 100-ზე მეტი გარდაცვლილი.
ასევე, სამხრეთ აფრიკას აქვს 2000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 48 გარდაცვლილი; ხოლო ნიგერიას, რომელიც გამოირჩევა მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობით მთელ კონტინენტზე (200 000 მილიონამდე), აქვს 442 დადასტურებული შემთხვევა და ჰყავს 13 გარდაცვლილი.
რატომ არის აფრიკის კონტინენტზე ნაკლები შემთხვევები, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში?
აფრიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა BBC-ის განუცხადა, რომ ამაში გარკვეული წვლილი საერთაშორისო მოგზაურობებმა შეიტანა.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო მოგზაურობებს, ვნახავთ, რომ აფრიკის მოსახლეობა უფრო ნაკლებს მოგზაურობს საერთაშორისო მასშტაბით“, – განუცხადა მან BBC-ის.
ჯანმოს აფრიკის ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, რადგან ვირუსმა კონტინენტზე შეაღწია, ის სწრაფად გავრცელდება, ისევე, როგორც სხვაგან.
მისი თქმით, აფრიკის დაახლოებით 15 ქვეყანაში ვირუსი ჯერ კიდევ არ გავრცელებულა და თუ ისინი სოციალურ დისტანციას შეინარჩუნებენ, შესაძლებელია, რომ მათ შეაჩერონ ვირუსის გავრცელება.
„თუ ვირუსი სწრაფად დაიწყებს კონტინენტზე გავრცელებას, ამან შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს კონტინენტს, ვიდრე ეს მოხდა ევროპისა და ამერიკის შემთხვევაში“, – წერს BBC-ის გლობალური ჯანდაცვის კორესპონდენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, აფრიკაში ერთ მილიონ ადამიანზე მხოლოდ 5 ინტენსიური თერაპიის საწოლი მოდის, მაშინ, როცა ევროპაში 4 000 ინტენსიური თერაპიის საწოლია ერთ მილიონ ადამიანზე.
აფრიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ვირუსის გავრცელების პრევენციაზე და არა მკურნალობაზე, რადგან აფრიკის ბევრ ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა უმკურნალოს ვირუსით ინფიცირებულ ბევრ პაციენტს.