კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რითიც ეხმაურება ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში მიწის მასის ჩამოშლას, რამაც ათზე მეტი სახლი დააზიანა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია აქტიურადაა ჩართული ჭიათურის მუნიციპალიტეტთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის გამომწვევი მიზეზის შესწავლასა და დადგენაში.
„ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებზე წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებენ. მათივე თქმით, ამის მიუხედავად, კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა შესაბამის ორგანოსთან დახმარების ფორმისა და სახის შერჩევაში.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის ძლიერი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს და მხარში უდგას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს სოციალური პრობლემების გადაჭრაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ 2007 წლიდან ოპერირებს ჭიათურაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, სადაც დღეს პრობლემა შეიქმნა, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესები ჯერ კიდევ 2000-იან წლებშიც განვითარდა.
სწორედ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპიას საერთოდ არ უწარმოებია მადნის მოპოვებითი სამუშაოები. მოცემული პრობლემატიკა, შესაძლოა გამოწვეული იყოს, ძველი, 80-90-იან წლებში წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებით, რასაც თან ახლდა სხვა გეოლოგიური პროცესები, რაც დამატებითი შესწავლის საგანია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“ ამბობს, კომპანია დაინტერესებულია, სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნოს დასკვნა, თუ რამ გამოიწვია სოფელ ითხვისში მოსახლეობის დაზარალება, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
„ჩვენს ინტერესებშია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – მათი თქმით, სოფელში მიწის დიდი მასა დაიძრა, რამაც ათამდე სახლი ჩაიყოლა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა.
იმერეთის მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 სახლი, ე.წ. ,,მახათაძეების უბანში“.