შესაძლოა გვქონდეს რეინფიცირების 1 შემთხვევა. მიმდინარეობს კვლევები - გამყრელიძე

პუბლიკა

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ახალ შტამებსა და რეინფიცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ლაბორატორიას აქვს დაგზავნილი შესაბამისი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება ვარაუდი ახალი შტამის არსებობაზე.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 3 სავარაუდო შემთხვევა იყო და მათგან მხოლოდ 1 შემთხვევაში დადასტურდა ახალი შტამი გენეტიკური კვლევით. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით არ დასტურდება, რომ ახალი შტამები (ბრიტანული, აფრიკული და ბრაზილიური) უფრო რთულად მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოში რეინფიცირებაზე 30-მდე სავარაუდო შემთხევას აკვირდებოდნენ. მისი თქმით, მიმდინარეობს კვლევები და მხოლოდ 1-თან მიმართებით იკვეთება რეინფიცირების სავარუდო შემთხვევა.

„რაც შეეხება რეინფიცირებას, ეს სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი ერთხელ ინფიცირდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ინფიცირდება. ეს შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ არის ბევრი. საქართველოში ჩვენ ვაკვირდებოდით 30-მდე შემთხვევას. იქიდან მოხდა სელექცია და ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება გქვონდეს 1 შემთხვევა, მაგრამ შესაძლოა არ დადასტურდეს. ამიტომ ბევრი შემთხვევა უკუგდებულია ჩვენ მიერ, სადაც ეჭვი იყო რეინფიცირებაზე. ახლა მიმდინარეობს ლაბორიატორიული კვლევა რამდენიმეზე, მათ შორის გენეტიკური და ერთზე უფრო იკვეთება, რომ შესაძლებელია იყოს, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, – განაცხადა მან.