შესაძლოა, მინიმუმ ₾100 000-ის საწვავი გაიხარჯა არასამსახურებრივი დანიშნულებით - აუდიტი მერიაზე

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლენილი ერთ-ერთი ნაკლოვანება ეხება მერიისა და გამგეობების თანამშრომლების მიერ ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმას.

„2017- 2018 წლებში გამოვლინდა ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმისა და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 1.310 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 100.7 ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოკვეთილი გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი ავტომობილებით სარგებლობა და გადაადგილება, შესაძლოა, არ უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საჭიროებებს „და, მინიმუმ, 100.7 ათასი ლარის ღირებულების, 51.6 ათასი ლიტრი საწვავი გახარჯული იყოს არასამსახურებრივი დანიშნულებით“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი 632-ჯერ ჩაასხეს, „რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი“

ანგარიშის მიხედვით, ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა თბილისის მერიისა და გამგეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.

„შესწავლის შედეგად გამოვლინდა ავტომობილების თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 678 დაუსაბუთებელი ფაქტი,62 რა დროსაც გახარჯულია 43.0 ათასი ლარის ღირებულების 22.6 ათასი ლიტრი საწვავი და შესაბამის დროის მონაკვეთში ავტომობილებში საწვავის ჩასხმის დრო არ ემთხვევა დასაქმებულთა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის პერიოდს. 2017- 2018 წლებში მერიის კუთვნილი ავტომობილების ქალაქგარეთ საწვავით გამართვის მაგალითები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიში სრულად