„TV პირველის“ ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება. ამის შესახებ გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა „კომენტარში“ განაცხადა.
„ამ მომენტში ვმუშაობთ, ერთი მხრივ, აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები, ზოგადად, მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.
ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება ხვალ”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
დღეს სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.