10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ და საერთო განცხადებას ავრცელებენ. „პუბლიკა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები იმართება, რომელზეც ამომრჩევლები 64 მუნიციპალიტეტში 64 მერსა და საკრებულოების 2068 წევრს აირჩევენ. ამ ტიპის არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესში, სხვა არჩევნებთან შედარებით, ბევრად მეტი კანდიდატი და შესაბამისად, მხარდამჭერია ჩართული. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ 3700-ზე მეტ უბანში კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამართვაზე, აუცილებელია, პასუხისმგებლობა აიღოს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ.
წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებში მშვიდი გარემოს შენარჩუნების საყოველთაო ინტერესს და უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით.
პოლიციამ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათზე თავდასხმებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო. ასევე, უზრუნველყოს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- მედიის უფლებები;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA);
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (GARB)“, – ვკითხულობთ განცხადებაში.