სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. როგორც ომბუდსმენი ამბობს, რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.
აქედან გამომდინარე, როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მიმართავს, განიხილოს ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს.
ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, გამონაკლისი ამ თარიღებში იმის გამო დაიშვა, რომ ეს მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეხება.
„რაც შეეხება სხვა კონფესიებს, გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც და როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.