გახსნის იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე – შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან – უფრო გვიან, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში.
„ამიტომ, რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე ჯერ კიდევ მოქმედებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებასაც არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში, შესაძლებელია, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ. რასაკვირველია, ეს არავის უნდა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ზუსტად შესრულდება გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.