„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ეხმაურება.
„დასავლეთმა [ნიკა მელიას დაკავება] შესაძლოა ყველაზე არადემოკრატიულ ნაბიჯად აღიქვას მას შემდეგ, რაც 2019 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი გადამეტებული ძალა გამოიყენა. სამოქალაქო საზოგადოება მხარს უჭერდა დემოკრატიას. როგორი რეაქცია ექნება ახლა? იქნება „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი სახალხო ჯანყი?“ – წერს უილიამ კორტნი Twitter-ზე.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციის ორგანიზებით 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.