„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე, საერთოდ გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის თანამშრომლობის შესახებ.
კობახიძე აცხადებს, რომ ისინი ნულოვანი რეიტინგის სუბიექტები არიან და მათი გადაჯგუფება პოლიტიკურ სპექტრზე გავლენას ვერ იქონიებს.
„ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან. საუბარია ვაშაძეზე, ზურა ჯაფარიძეზე, ხოშტარიაზე. თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, სწორედ ეს ადამიანები არიან, ეს გვარები გვახსენდება. მათი შეკრებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ოპოზიციაში დისკუსიას პრაიმერისსა და საერთო სიასთან დაკავშირებით, კობახიძე ამბობს, რომ ამ მოვლენას სერიოზულად ვერ შეაფასებს.
„პრაიმერისი არის მაღალი მატერია, რაც შეეხება ფანჩატურს და პრაიმერისს, არის ერთმანეთთან შეუთავსებელი, მათ უნდათ, ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერისი, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა, სერიოზულად ამ მოვლენას ვერ შევაფასებთ“, – განაცხადა მან.