შესამჩნევად გაიზარდა დაუსაბუთებელი გირაოსა და პატიმრობის მაჩვენებელი - საიას ანგარიში

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიში ემსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას.

ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, რა დროსაც საია-მ 2 744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

ძირითადი მიგნებები სათანადო სასამართლო კონტროლთან დაკავშირებით:

– ბოლო ორი საანგარიშო პერიოდია, კრიტიკულად იზრდება პირველი წარდგენის სხდომაზე დაკავებულის სახით წარდგენილ პირთა რაოდენობა. კერძოდ, 686 ბრალდებულიდან, 518 (76%) სასამართლოში გამოცხადდა დაკავებულის სტატუსით, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით მეტია, ხოლო ორი წლის წინანდელ სტატისტიკას თუ შევადარებთ – მაჩვენებელი 20 პროცენტული ერთეულითაა მომატებული;

– პირველი წარდგენის სხდომაზე, მოსამართლეთა მხრიდან უმეტეს შემთხვევაში არ ხდება დაკავების კანონიერების საჯაროდ განხილვა. მოსამართლეები ძირითადად მხოლოდ მაშინ აფასებენ დაკავების კანონიერების საკითხს, როდესაც დაცვის მხარე, აპელირებს დაკავების უკანონობაზე. 518 დაკავებული ბრალდებულიდან უმრავლეს – 448 (86%) შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ განხილულა დაკავების კანონიერება.

– მიმდინარე საანგარიშო პერიოდში იმდენად მაღალია აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიებების – გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი (98%), რომ დღეს არსებული აღკვეთის ღონისძიების სხვა ალტერნატიული სახეები პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება. საკმაოდ დაბალია აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მაჩვენებელიც. არის შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობის ნაკლოვანების გამო სასამართლოს უწევს, გამოიყენოს აღკვეთის მკაცრი ღონისძიება, რაც განპირობებულია ალტერნატიული ღონისძიებების არასაკმარისი რაოდენობით და მათ გამოყენებაზე არსებული საკანონმდებლო შეზღუდვებით. შედეგად, ბრალდებულის მიმართ ხდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს.

– მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც პრობლემას წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება. შესამჩნევად გაიზარდა დაუსაბუთებელი გირაოსა და პატიმრობის მაჩვენებელი. 334 პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობიდან დაუსაბუთებელი იყო – 69 (21%) შემთხვევა, ხოლო 320 გამოყენებული გირაოდან – 98 (31%).

– თბილისის, რუსთავის, ქუთაისის საქალაქო და თელავის რაიონული სასამართლოებიდან გამოთხოვილი ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოები წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობებს აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში აკმაყოფილებენ. ჩხრეკა-ამოღების შესახებ 16 226 შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხოლოდ 19 (0,1%) შემთხვევაში.

– საია დაესწრო 213 წინასასამართლო სხდომას, რომელზეც განიხილებოდა პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი. სასამართლომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 213 შემთხვევიდან 195 (92%) შემთხვევაში უცვლელად დატოვა, რომელთაგან 155 (80%) შემთხვევაში სასამართლომ სხდომაზე არ დაასაბუთა ან არასაკმარისად დაასაბუთა, თუ რატომ იყო აუცილებელი პატიმრობის ძალაში დატოვება. 213 საქმიდან 18 (4%) შემთხვევაში სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუცვალა გირაოთი.