„ჩვენ მიგვაჩნია, რომ, ზოგადად, თავდაცვა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და ამ საკითხისადმი თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი სამინისტროსთვის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას.
ღარიბაშვილის თქმით, 2020-2021 წლებში ამ მიმართულებით უწყება „კიდევ უფრო გაააქტიურებს პროგრამას“. თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება არა სავალდებულო, არამედ სკოლის ბავშვებისთვის ნებაყოფლობითი იყოს.
„ბავშვს თავიდანვე უნდა ჩავუდოთ ეს … რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული იდეოლოგიების საკითხი და ეს არ არის ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა და ფუნქცია, არამედ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსენსუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს, მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციისა თუ ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ჯარის მიმართ დამოკიდებულების გაძლიერებას, ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შესაძლოა სამთავრობო საპარლამენტო დისკუსიების გამართვაც:
„შესამუშავებელია საერთო ეროვნული მნიშვნელობის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს, ზოგადად, ბავშვების ჩართულობას საწყის ეტაპზე სკოლებში – როგორ უნდა მოხდეს ჯარის პოპულარიზაცია, როგორ უნდა გავუძლიეროთ მათ ეროვნული პატრიოტიზმი და ზოგადად ეს ეროვნული სულისკვეთება როგორ უნდა ამოვწიოთ ახალგაზრდობაში. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უამრავი საცდური აქვს დღეს საზოგადოებას, და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მხოლოდ მთავრობის მუშაობა არ იქნება საკმარისი. ეს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.