ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საბჭო პრესრელიზს ავრცელებს. ასოცირების საბჭოს განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, სხდომაზე განიხილეს რუსეთის მოქმედებებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
„ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონს, აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებაზე ე.წ. პროგრამის ხელმოწერის შესახებ, ისევე როგორც იმ სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
განსაკუთრებით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების” გრძელვადიანი ჩაკეტვით.
შეშფოთების საგანია ასევე ქართველების დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები, და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანასა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვდომის დაშვებისკენ. ასევე სხვა ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ასოცირების საბჭოს სხდომა დღეს ბრიუსელში გაიმართა, საბჭოს სხდომას დაესწრო საქართველოს სამთვრობო დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. ასოცირების საბჭოს გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის ხელისუფლებასთან.