შეშფოთებასა და გულისტკივილს გამოვხატავთ ომბუდსმენზე გახშირებული თავდასხმების გამო - რელიგიათა საბჭო

პუბლიკა

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ღრმა შეშფოთებასა და გულისტკვილს გამოხატავენ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშორმლების, ასევე ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროდ მიიჩნევენ, შეახსენონ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი;

„მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად.

განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან.

დარწმუნებული ვართ, რომ სახალხო დაცველის წინააღმდეგ შეტევა, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდება, რადგან გვეიმედება საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მასობრივ გამოხატვას  ნეგატიურად და კრიტიკულად აფასებენ.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას უშუალოდ სახალხო დაცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისადმი და მივიჩნევთ, რომ  ომბუდსმენის შრომას  განსაკუთყრებული როლი და მნიშნველობა აქვს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, “- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: ქართველ მუსლიმთა კავშირი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია; საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო; ევანგელისტური ეკლესია; ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია; ევანგელურ-ლუთერული ეკლესია; ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია; სახარების რწმენის ეკლესია; აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება; ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა; მეგობრთა საზოგადება – კვაკერები; სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება; დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია; ხსნის არმია; ევანგელური ეკლესია “ურყევი საფუძველი”.