ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გაამართლა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ ბრალდებაში.
„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეწყობისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთო პროცესში, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი. ორგანიზაცია თავიდანვე მიუთითებდა სახელმწიფო ბრალდების შესაძლო ტენდენციურობასა და თავად ფარცხალაძის არაფორმალურ გავლენებზე, რაც ხელს უშლიდა სისხლის სამართლის საქმის ობიექტურ გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ამის ნათელი მაგალითი იყო საგამოძიებო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება არარელევანტური და ნაკლები სანქციის მქონე ნორმით, რაც ფარცხალაძისთვის პასუხისგებლობის შესაძლო არიდებას ან უფრო ნაკლები პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავდა მიზნად“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, უკავშირდება საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მიკერძოებულ და ლოიალურ პოზიციას, ასევე გამოძიების არასრულფასოვან წარმართვას. მეორე მხრივ, მსგავსი დახურული ფორმით პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილების გამოცხადება შესაძლოა, მიუთითებდეს არაფორმალური გავლენების არსებობაზე არა მხოლოდ საგამოძიებო უწყებებზე, არამედ სასამართლო ხელისუფლებაზეც, რასაც სასამართლოში პროცესის არალოგიკური ვადით გაჭიანურება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მოწმობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება და არ დაუშვას მართლმსაჯულების პროცესში არაფორმალური გავლენების არსებობა.