ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტის მიერ თავისსავე სიუჟეტზე კომენტარების ავტორების ტელეფონის ნომრების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით სოციალურ სქელში წერს.
თოლორაია წერს, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე ვერ იმსჯელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას);
ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს;
ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა აღნიშნულ ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები – ტელეფონის ნომრები. სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე;
სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი“,- განმარტავს თოლორაია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიერ ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.