მაღაროელები ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ; „ჯორჯიან მანგანეზი” ივლისიდან განაახლებს მუშაობას, – ამის შესახებ მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს და დასძენს, რომ კვირას, 25 ივნისს თბილისში დაანონსებული აქცია აღარ გაიმართება.
როგორც მან მოგვიანებით აღნიშნა, არის საკითხები, რომელიც მყისიერად დაკმაყოფილდება, დანარჩენის მოგვარების ვადები კი გაიწერება.
„ჩვენ გვქონდა მოთხოვნა 40%-იანი ზრდის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეგობრები უკვე მე-13 დღეა შიმშილობენ, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მე-19 დღეა, რაც ჩვენ ამ მშვიდობიან პროტესტს ვაცხადებთ, მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად, რომ დავთანხმდეთ ინფლაციის 11.9%-ს.
ეს კიდევ დამადასტურებელია იმისა, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი არ იყო მხოლოდ სახელფასო ნაწილი, ჩვენთვის უმთავრესი არის დანარჩენი 13 საკითხი, რომელიც არის დროში გაწერილი და შესასრულებელია უკვე ხვალიდან და კონკრეტულ ვადებში.
მაგრამ, თუ სამწუხაროდ განმეორდება 2019 წლის მოვლება – ამ დოკუმენტებს მიუხედავად ისევ მოგვატყუებენ, ან ეცდებიან მაინც დროში გაწელონ, ჩვენ ისევ დაგვჭირდება თქვენი დახმარება. მანამდე კი პასუხს მოვთხოვთ იმათ, ვინც იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების გეგმურად შესრულებაზე”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
„შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.