შეთანხმება შედგა, შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს - კომპანია

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, მათსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

როგორც კამპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება:

ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელსა და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

„მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, – აცხადებენ კომპანიაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გრძელდებოდა. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.

შუქრუთელები, რომლებმაც პროტესტი, თავდაპირველად ჭიათურაში დაიწყეს, ჩივიან, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება. მოშიმშილეები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები, იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.