გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს „ნაციონალური მოძრაობა“,- ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ისნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის დასახელებას.
„ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკური ინტრიგები, ისინი ჩვენგან ელიან სიღარიბისა და კრიმინალის დამარცხებას, „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის დამარცხებას. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის კანდიდატზე და ჩემთან, როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს.
საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს“,- წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“.