შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას - თალაკვაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა „ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“, –  ამის შესახებ თალაკვაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციით მიეცათ.

„ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვან ეტაპზეა და იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები, რომელთაც პარლამენტში შესვლისთვის მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ შესაძლებლობას სათანადოდ შეაფასებენ. შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში.

ამ საპარლამენტო არჩევნებმა შექმნა პარტიებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კეთების შანსი და ეს შანსი არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


დღეს, 30 ნოემბერს, „ლელოს“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა დაგეგმეს, როგორ იმოქმედებენ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს.

გიგი უგულავამ მედიასთან განაცხადა, რომ ოპოზიცია ცალკე ღონისძიებას გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი, რომლითაც კიდევ ერთხელ დეკლარირდება მოთხოვნები: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკოს ცვლილება.

ასევე პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ჩახსნიან პარტიულ სიას და მიმართავენ პარლამენტშ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.