მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, რომელიც კონსტანტინოპოლის სამრევლოს მოძღვარია, სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია, იყო პატრიოტი, საუბრობდე სუვერენიტეტზე და ამავე დროს თანამემამულეების დიდ ნაწილს აცხადებდე აგენტად, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად და ახდენდე მათ სტიგმატიზებას.
„შეუძლებელია საუბრობდე ღირსებაზე, რომელიც ყველა უფლებათა და თავისუფლებათა წყაროა, და ამავდროულად იყო პარტიული მონა-მორჩილი – ერთი კაცის ნების უსიტყვოდ ამსრულებელი.
შეუძლებელია საუბრობდე სარწმუნოებაზე, რომლის ინსტრუმენტალიზებასაც ახდენ და შენი პარტიული ინტერესების იარაღად გამოყენება გსურს, და ამავდროულად რაიმე საერთო გქონდეს ცოცხალ ქრისტეს რწმენასთან, რომელიც ყოველთვის ადამიანის სამსახურში დგას.
შეუძლებელია იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, საუბრობდე მის სუვერენიტეტზე და შენი თანამემამულეების ძალიან დიდი ნაწილს აცხადებდე აგენტად და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად, ახდენდე რა მათ სტიგმატიზირებას – 100 ათასობით ადამიანისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებში, და ამავდროულად მთელი 12 წლის განმავლობაში ერთი მტრული ქვეყნის, რუსეთის აგენტი არ გყავდეს გამოვლენილი და ამაზე საერთოდ არ გქონდეს პრეტენზია და ხმა ამოღებული. კიდევ ბევრი რამე არის შეუძლებელი თქვენთვის…“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, იარლიყის ატანა მარტივი არაა და პიროვნულ შეურაცხყოფაზე მეტია.
„ამას რომ აცნობიერებდეთ თქვენ, არ იქნებოდით იმ მხარეს, სადაც ხართ. დიახ, ეს მეც მეხება… რადგან საჯაროდ ვწერ ამას, აქვე განვმარტავ: 12 წელი მაქვს ევროპაში გატარებული, მათგან მრავალი სიკეთე მიღებული სწავლა-განათლების კუთხით – ჯამში 7 უნივერსიტეტში ნასწავლი, არავის ჩემთვის არასდროს რაიმეს სანაცვლოდ არ გაუწევია ეს დახმარება, არამედ იმისთვის, რათა მომეხმარა ეს საკუთარი ხალხისათვის და რასაც შეძლებისგადვარად ვახერხებ კიდეც დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში/სტამბოლში და მთელს თურქეთში მრავალათასიანი ქართული თემისთვის. სამწუხაროდ, ეს პროცესი, დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, და ნუ გავხდებით მტრის ინსტრუმენტები იმისთვის რომ ერთმანეთი ასე მოვიძულოთ…“, – წერს ის.