„შეუსაბამო სადამსჯელო ღონისძიებები ღირსების შელახვის განცდას აჩენს" | კლუბები ნიჟარაძის მხარდასაჭერად

პუბლიკა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ზურა ნიჟარაძის საქმეს საქართველოში მოქმედი კლუბები ეხმაურებიან. კლუბ KHIDI-სა და „კიბის“ განცხადებებში საქართველოში მოქმედ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობენ და ზურა ნიჟარაძის საქმეს ამის ერთ-ერთი მაგალითად ასახელებენ.

„საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა დიდი სირთულის წინაშე აყენებს მისი მოქალაქეების ცხოვრებას. ზურა ნიჟარაძე ამ პოლიტიკის სამწუხარო მაგალითს წარმოადგენს და მის მიმართ ასეთი შეუსაბამო პოლიტიკის გატარება ხაზს უსვამს სამართლებრივ სისტემაში არსებულ სისტემურ უსამართლობას.

ნარკოპოლიტიკის განზრახ მკაცრი ხასიათი გამოიხატება მის არაპროპროპორციულ სასჯელში, რომლის მიხედვითაც, ზურას 8-დან 12 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების შენახვისათვის. ამგვარი მკვეთრი შეუსაბამობა სადამსჯელო ღონისძიებისა აჩენს ადამიანის ღირსების შელახვის განცდას.

საპასუხოდ, ვგრძნობთ ვალდებულებას, წვლილი გავიღოთ ზურას დასახმარებლად. კერძოდ, G2-ის, 18 ნოემბრის ღამიდან შემოსული თანხის ნახევარი გადაერიცხება ზურა ნიჟარაძის ოჯახის წევრებს, რათა მისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალებები იქნეს უზრუნველყოფილი. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას მხარი დავუჭიროთ სამართლიანობას იმ სადამსჯელო მიდგომის ფონზე, რომელიც შეუთავსებელია პროპორციულობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებთან”, – წერს განცხადებაში კლუბი KHIDI.

ნიჟარაძის მხარდასაჭერად თანხის გადარიცხავას აპირებს ასევე კლუბი „კიბე“:

„კლუბის სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი მეგობრის, ზურა ნიჟარაძის საქმეს, რომელიც ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით არის დაკავებული და კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება მოქმედ ნარკოპოლიტიკას არა საზოგადოებრივი სიკეთის, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მხოლოდ ხალხის დასჯაზეა ორიენტირებული.

ამასთანავე, ნარკოტიკის ის რაოდენობა, რაც ზურას აღმოაჩნდა, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა და არ შეესაბამება ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგაა წარდგენილი და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიაზრებს.

კლუბის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბერს შემოსული თანხის ნახევარი გადაერიცხება ზურა ნიჟარაძის ოჯახის წევრებს, ბრალდებულის უფლებების სათანადოდ დაცვისათვის.

ასევე, კლუბის შესასვლელში განთავსებული იქნება დონაციის ყუთი და თითოეული სტუმარი შეძლებს სურვილისამებრ დახმარება გაუწიოს ქვეყნის მახინჯი ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთ მსხვერპლს”, – ნათქვამია განცხადებაში.


ზურა ნიჟარაძე რამდენიმე დღს წინ დააკავეს. მას პროკურატურა ნარკოდანაშაულის სხვადასხვა მუხლს ედავება, მათ შორის არის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ითვალისწინებს და ისჯება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მას ბრალდების მხარე ედავება შემდეგი საშუალებების ფლობას: 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინი.