„შეუწყდეს პრორუს ლექტორს სტატუსი“ - სტუდენტების პროტესტი თსუ-ში

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულების ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს შეძახილებთ დახვდნენ, ტაში დაუკრეს და სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

„რუსო! მონა! არა რუსებს!“ – ისმის უნივერსიტეტის დერეფანში გადაღებულ ვიდეოში.

როგორც სტუდენტები მედიასთან აცხადებენ, ელიზბარაშვილი პრორუსია და ხშირად თანამშრომლობს პრორუსულ ტელევიზია „ალტ-ინფოსთან“.

„ელიზბარ ელიზბარაშვილს ხშირად ვხედავთ „ალტ-ინფოს“ ეთერებში, ადამიანი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სტუდენტებს, ეძახის „შპანას“ და  სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომელთა თქმაც ჩემგან არაეთიკური იქნება. ეძახის ადამიანებს მართულებს, რომლებიც აქციებზე იყვნენ და შეცდომაში შეყვანილებს. ემუქრება იმ სტუდენტებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული აზრი აქვთ, მემუქრება, მათ შორის, მეც, როდესაც ვამბობ, რომ ის არ უნდა ასწავლიდეს თსუ-ში“, – განაცხადა სტუდენტმა დათო სეხნიაშვილმა „TV პირველთან“.

„დაყენდა მოთხოვნა, რომ ელიზბარ ელიზბარაშვილს შეუწყდეს ლექტორის სტატუსი“, – განაცხადა სტუდენტმა დათო ჩხობაძემ.

„ლექცია არის ჩემი შრომის ადგილი, თქვენ დაარღვიეთ… გადაეცემით შესაბამის ორგანოებს“, – ეუბნება ელიზბარაშვილი სტუდენტებს.

ელიზბარ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აზიარებს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტულ ნიუსებს, პრორუსული არხის, „ალტ-ინფოს“ გადაცემებს, რომელშიც სტუმრადაა მიწვეული. ასევე აქვეყნებს სტუდენტების და აქციის მონაწილეების ფოტო- ვიდეომასალას და აკრიტიკებს მათ.

„პუბლიკა“ ცდილობს თსუ-ის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას. ნიუსი პასუხის მიღებისთანავე განახლდება.