შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან – ლევან გოგიჩაიშვილი

პუბლიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაცია პირადი სიმპათიების მიხედვით ათავისუფლებს ადამიანებს ტელევიზიიდან. გოგიჩაიშვილმა არჩილ თალაკვაძეს მიმართა და შესთავაზა მათი ფრაქციის მონაწილეობით შეხვედრის გამართვა აჭარის მაუწყებელში, რათა შენარჩუნდეს მაუწყებლის დამოუკიდებლობა.

„ჩვენი ფრაქცია შეშფოთებულია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით. მასობრივი გაყრა თანამშრომლების, უფლებების შეზღუდვა. უპასუხისმგებლობა, რასაც იჩენს ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ, როცა პირადი სიმპათიის საფუძველზე, ფეისბუქპოსტებისა და ადამიანის თავისუფლების გამო ისინი ძალიან ბევრ ოჯახს შემოსავლის გარეშე ტოვებენ. მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ჩვენი ფრაქციისა და თქვენი ჩართულობა ამ პროცესში. ჩავიდეთ აჭარაში, დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს. ასევე ჩავრთოთ აჭარის უმაღლესი საბჭო ამ პროცესში. შევაჩეროთ ადამიანების მასობრივი გაყრა აჭარის ტელევიზიიდან და უზრუნველვყოთ, რომ ტელევიზია იყოს თავისუფალი და შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. თუ შეძლებთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხზე.“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

26 ივნისს აჭარის მაუწყებელთან, აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებელი პროფკავშირების ორგანიზებით, აქცია გაიმართება, რომელზეც აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ. აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ  მოქმედი დირექტორის გადაწყვეტილებები თანამშრომელთა გათავისუფლებაზე აჭარის მაუწყებელში გამოხატვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას ემსახურება. ბრალდებებს კოხრეიძე უარყოფს.