შევამცირეთ დრო, სასწრაფოს ექიმებს ტესტირება ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონკრეტული შეზღუდვების დაწესების საფუძველი ამ ეტაპისთვის არ არსებობს და, რომ ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ღონისძიებად პირბადეების გამოყენება რჩება.

მისივე ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ტესტირების დრო შემცირდა და მათ ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

„ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ მიზნობრივი ტესტირების ჯგუფები გამოვავლინოთ და დღეის მდგომარეობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებში, რომლებიც არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში, როგორც გამოვლენის შემთხევვაში ასევე, სანამ დადგინდება დიაგნოზი, ტესტირების დრო, ნაცვლად არსებული  ორ კვირისა, შევამციროთ და ყოველ 72 საათში მოხდეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების ტესტირება. ეს ვფიქრობთ, დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ისე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 196 აჭარაში დაფიქსირდა, 178 კი – თბილისში. კორონავირუსით ბოლო 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა.