„შევცდი და ტყულად მივედი“ - გახარიას თქმით, კალაძეს კანდიდატურაზე გასაფრთხილებლად შეხვდა

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის მიზანზე ისაუბრა. მისი თქმით, წარსულის პატივისცემის ნიშნად სურდა კალაძე გაეფრთხილებინა, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თავადაც აპირებდა.

„კალაძესთან მივედი მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გამეფრთხილებინა – დღეს მე გავხდები მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის ბრძოლის პროცესში. თქვენ თქვით, რომ ეს ანგარიშვალდებულებაა, ჩემთვის ეს იყო პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ მე სწორად გავაკეთე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, კალაძე საქმის კურსში არ ჩაუყენებია და არც უნდა ჩაეყენებინა. გახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ იმავე პრინციპითა და ფასეულობებით ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ასე აცნობა გადადგომის შესახებ, რათა ივანიშვილს ინფორმაცია პირველად ტელევიზიიდან არ მიეღო.

„შეიძლება ვცდები, თუ ეს სიმართლეა,  ძალიან გული დამწყდა, ახლა მითხრეს, როცა მოვდიოდი, რომ თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რა უნდოდა, რისთვის მოვიდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მართლა შევცდი და ტყულად მივედი“, – განაცხადა გახარიამ.