შევჩენკო საქართველოში ბიზნესმოწვევით იმყოფებოდა – დავითულიანი რუს ჟურნალისტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო საქართველოში ბიზნესმოწვევით იმყოფებოდა.

„მაქსიმ შევჩენკოს  2009 წელს ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული. 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, მას არ აქვს დღეის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა. ის ადგილზე მოიწვია მსხვილმა ბიზნესჯგუფმა ბიზნესმოწვევით; ბიზნესაპლიკაცია შეავსო, შესაბამისად, გამარტივებული წესით შემოვიდა, ამიტომ ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა”, – განაცხადა დავითულიანმა „ტვ პირველს“.

შევჩენკოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„მე კითხვა მაქვს ძალიან მარტივი ხელისუფლებასთან – ვინ შემოუშვა და რატომ შემოუშვა ეს ადამიანი. საზღვარზე ვერ გადმოფრინდებოდა. საზღვარი მან გადმოკვეთა და ვიღაცამ პროცედურების გვერდის ავლით შემოუშვა ის საქართველოში.

როდესაც ასეთი პიროვნება მოდის, ისედაც უსაფრთხოების სამსახურების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, რომელიც ეწევა რუსულ, პუტინის პროპაგანდას“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმ შევჩენკო არ არის გავრილოვი, პოლიტიკური ფიგურა არაა და, ჩვენი მონაცემებით, სამხედრო მოქმედებებში არ დახმარებია მტერს საქართველოს წინააღმდეგ 90-იანებში და ა.შ. მაინც შავრაზმელი, ანტიდასავლური და საქართველოს სუვერენიტეტის იდეის პროპაგანდისტი შევჩენკოს შემოშვება კიდევ ერთი ნიშანია, როგორი ქვეყნისთვის საზიანო ინსტინქტებისა და ქმედებების მქონეა ივანიშვილის რეჟიმი“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია.

რუსმა ჟურნალისტმა, მაქსიმ შევჩენკომ საკუთარ Youtube არხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდა.