„შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ“ – „ოცნების“ დეპუტატი გამოსახლების პრაქტიკაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები გამოსახლების საკითხზე გუნდში კონსულტაციებს აანონსებენ, – როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ოდიშარია ამბობს, მმართველი პარტია იმსჯელებს საკითხზე და „ადაპტაციას გაუკეთებენ კანონმდებლობასა და რეგულაციებს”.

„ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი და რეფორმირდა ეს პროცესი – უფრო  ჰუმანური გახდა, თუმცა, იმ პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის…

შესაბამისად, რაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობასა და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებით.

…ის NGO-ები, რომლებიც პედალირებენ ყოველთვის და აქსელერაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, საერთოდ მათი აზრი არ მაინტერესებს.

ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვიმსჯელებთ საკითხზე და მივიღებთ იმ ზომებს, რომელიც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ოდიშარიამ.

საკითხს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეც:

„ამაზე დაფიქრება გვმართებს, თუ რამდენად რელევანტური იქნება ამ შემთხვევაში, სადამდე შეიძლება იყოს საუბარი და რა მიზნით. ამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე რასაკვირველია, სახელმწიფო უარს ვერ იტყვის. ბუნებრივია, ის უნდა არსებობდეს, სხვა შემთხვევაში დაგვრჩება საკუთრების უფლება დაუცველი და ბევრი ისეთი უფლება, რომელიც ფუნდამენტური უფლება გახლავთ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ რეგულირდებოდეს ან მაქსიმალურად ლმობიერებას არ იჩენდეს სახელმწიფო, როდესაც ასეთი ტიპის აქტივობები იგეგმება. მორატორიუმისთვის რამდენად არსებობს საფუძველი, არ ვიცი. თუ მორატორიუმს შედეგად ის უნდა მოჰყვეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა შედგეს გამოსახლება, ბუნებრივია, აზრის არმქონეა. რაღაც კონკრეტულ იდეაზე უნდა იყოს საუბარი, სხვაგვარად უბრალოდ ლოგიკურად არ მეჩვენება“, – განაცხადა სარჯველაძემ.


„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.