შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამთავრებას ქვეყანაში - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ეხება გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამთავრებას ქვეყანაში. მისი თქმით, მათ არ სჯერათ, ზოგადად, გენდერისა და გენდერული იდენტობის.

როგორც ის ამბობს, მოითხოვენ მხარდაჭერას, რომ ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის, საბჭოს და მსგავსი ტიპის ტერმინები კანონმდებლობიდან ამოიღონ.

„ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს პრემიერთან დაკავშირებით; გვინდა, რომ ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შევიტანეთ პარლამენტში (და ეს ეხება გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამთავრებას ქვეყანაში), ვთხოვთ მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, პრემიერი საკმაოდ აქტიურია ამ თვალსაზრისით და ყველგან აკრიტიკებს და ებრძვის ლგბტ პროპაგანდისტებს. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც მიღებულია მისი პრემიერობის დროს თავის დროზე და გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს არის თითქმის სრულად მიღებული, რომელიც პირდაპირ ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც აღიარებს გენდერულ იდენტობას, როგორც ასეთი და ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერს, დაუჭიროს ჩვენს კანონს მხარი, რითაც ეს ყველაფერი უქმდება.

ჩვენ არ გვჯერა, ზოგადად, გენდერისა და გენდერული იდენტობის. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ორი სქესი – ქალის და კაცის, რასაც საუბრობდა პრემიერი სადღაც. მაგრამ ჩვენ გვაქვს გენდერული საბჭო, გვაქვს გენდერული დისკრიმინაციის კანონი და სხვა კანონმდებლობა, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს არის მიღებული. რომელიც არ პასუხობს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოზიციას. ჩვენ კი გვაქვს გენდერული საბჭო, მაგრამ გენდერს არ ვცნობთ. გინახიათ, რომ გვქონდეს გენდერული საბჭო და გენდერს არ ვცნობდეთ?

„საქმემან შენმა წარმოგაჩინოსო“ ასე წერია ბიბლიაში და ჩვენ საქმე გვაქვს ის, რომ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც იმ ყველაფრის წინააღმდეგაა, რასაც პრემიერი სიტყვით ებრძვის და ჩვენ ვითხოვთ მის მხარდაჭერას და ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის, საბჭოს და მსგავსი ტიპის ტერმინების ამოღებას ქვეყნის კანონმდებლობიდან და ადამიანების თანასწორობას კანონის წინაშე“, – ამბობს იაგო ხვიჩია.