კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მათი მუშაობის შედეგად მიღებული ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები.
განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა და კომპანია ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანია ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
ასევე, კომპანია სთავაზობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა თანამშრომელს, მათ, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს, ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, მათთვის სპეციალური სამუშაო რეჟიმი პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60 პროცენტი.
„ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებაში საუბრობს იმ მიზეზებზეც, რატომაც საჭირო გახდა სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა.
„კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა, 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60 პროცენტს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს კომპანიამ ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.
შეცვლილი სამუშო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკვე მე-10 დღეა ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 მათგანი მე-4 დღეა შიმშილობს და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს. 3000-ზე მეტი მაღაროელი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.