შევხვდები ვანო მერაბიშვილსაც - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

„ბატონ ვანო მერაბიშვილს არ შევხედრივარ და მასაც შევხვდები და გავესაუბრები. მე მეტ-ნაკლებად რაც არ ვიცი, შევეცდები უკეთ შევისწავლო“, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის ინგა გრიგოლიას შეკითხვის საპასუხოდ, შეხვდა თუ არა ციხიდან გამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს.

მაჩალიკაშვილის თქმით, თავის საკითხზე მზადაა ყველას შეხვდეს, ვინც დახმარებას გაუწევს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებსაც. ხოლო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას რაც შეეხება, მისი თქმით, სააკაშვილი უბრალოდ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია მასთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა.

„მთელ მსოფლიოში მაგ ადამიანზე საუბრობენ და მეც გამიჩნდა სურვილი შევხვედროდი. შევხვდი სხვა უამრავ ადამიანსაც და შევხვდები კიდევ. ყველას შევხვდები ვინც მომისმენს. მქონდა საუბარი თემირლანთან დაკავშირებით, პოლიტიკასთანაც დაკავშირებით“, – თქვა „რეაქციის“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილმა არც პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხა. მისი თქმით, პოლიტიკა მისთვის ძალიან შორია, მაგრამ თემირლანის გამო „ჯოჯოხეთშიც კი წავა“ და მის სიკვდილთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხს მაინც მიიღებს.