„შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები და შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება" - ოპოზიცია შეხვედრაზე

პუბლიკა

„დღეს ჩვენ შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები და შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება და ვნახოთ, საითკენ წაგვიყვანს ეს”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. დიპლომატიური კორპუსისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„დიდი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებში [ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის]. ამიტომ არის ძალიან რთული პროცესი. იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ განსხვავებას შევამცირებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც არის მიუღებელი ქვეყნისთვის…

მე არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს, რადგან ჩვენი პოციზია არის ნათელი და მტკიცე, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდი ბოლომდე დარჩება იმ პოზიციაზე, რომ ამ კრიზისში ყოფნა და ერთპარტიული პარლამენტი ჯობია, ახალ და სამართლიან არჩევნებს, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, მაგრამ წინასწარ არ მინდა საუბარი, მით უმეტეს პესიმისტური პროგნოზის გაკეთება. დღეს ჩვენ შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები  და შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება და ვნახოთ, საითკენ მიგვიყვანს ეს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეხვედრის შესახებ განცხადებები გააკეთეს სხვა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

მისი შეფასებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც „ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებულია“ – ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხდებით, დამატებით იქნება შეთანხმება შემდგომი შეხვედრის თარიღის შესახებ. მისივე განმარტებით, ოპოზიციის მოთხოვნები „აბსოლუტურად იგივეა“ და ამ შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით:

„მნიშვნელოვანია, რომ შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ მასთან მქონდეს კომუნიკაცია და მუდმივად ვართ ხაზზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასე რომ, თავისთავად, შეხვედრის გამართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი; ვნახოთ, ახლა როგორ წარიმართება პროცესი. მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. დეტალებზე საუბარი ნაადრევია. არ არის კორექტული. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დიალოგს არასდროს არ აქვს ალტერნატივა“, –  განუცხადა ინაშვილმა.

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატებს გააცნეს ოპოზიციის პოზიციები, ხელისუფლების წარმომადგენელმა კი მათ გააცნო თავიანთი ხედვა, თუ როგორ აფასებს „ოცნება“ არჩევნების შედეგებს.

„ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე, როგორც ჩვენი ყველას სურვილი და ატმოსფერო, ზოგადად, ერთნაირია – ყველა, მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. კონკრეტულად, სადამდე მივა პროცესი, დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ თქვა, რომ ქუჩის პროტესტის გეგმები არ შეცვლილა, ტექნიკურ დეტალებზე საუბრისგან კი თავი შეიკავა, რადგან, მისივე თქმით, შესაძლებელია, ამგვარად მოლაპარაკების პროცესი დაზიანდეს.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც თავი შეიკავა შეხვედრის დეტალების გასაჯაროებისგან. მხოლოდ თქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი დაიძრა, რაც, მისი შეფასებით, „კარგია“.

„მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ერთსულოვანი იყო ჩვენი მოთხოვნა, რაც ვთქვით. კონსენსუსისთვის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხვდებოდით და არც მომდევნოს დავთქვამდით. ჩემი აღქმით, არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითარებას განმუხტავს“,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.