საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება.
„ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით”, – ამბობს სამინისტრო განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.
როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.