შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომ დიალოგის გზით შევძლოთ „ენკასთან" საკითხის დარეგულირება - თურნავა

პუბლიკა

„გიდასტურებთ, რომ არის კომუნიკაცია, არის სამუშაო ჯგუფი ჩვენი, და მათი მხრიდანაც გამოყოფილი, და არის პერიოდული შეხვედრები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია „ენკაზე“ საუბრისას. მისი თქმით, სახელმწიფო მოწადინებულია, რომ საკითხი საარბირტრაჟო დავამდე არ მივიდეს. როგორც ის ამბობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და მუშაობენ პრობლემური საკითხების შეჯერებაზე.

„ჩვენი მიმართება არის ის, რომ მაქსიმალურად დიალოგის რეჟიმში შევძლოთ კომპანია „ენკასთან” ამ საკითხის დარეგულირება და არა საარბირტრაჟო დავის ფარგლებში. რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არ არის სასურველი არც ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ არც კომპანია „ენკასთვის“.

ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს აწარმოებენ, კომუნიკაციებს აწარმოებენ და არა ჩემ დონეზე, ჯერჯერობით, თუმცა მე, რა თქმა უნდა, პირადად ვაკვირდები პროცესს და ვამონიტორინგებ. ხდება იურისტების, სპეციალისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია.

რაც შეეხება ერთ თვეს და პროექტიდან გასვლას, ეს არ არის ასეთი მარტივი პროცესი, რადგან ხელშეკრულებით ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს, როგორ და რანაირად, ეს არ არის ასე ცალმხრივად, რომ მოიწეროს ინვესტორმა და გავიდეს და მიატოვოს პროექტი. ასე არ ხდება. მთელი რიგი პასუხისმგებლობებია აქ. აი, სწორედ ამაზე ვსაუბროთ ჩვენ ერთმანეთში, როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა“, – განაცხადა თურნავამ.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.