შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე - „ლელო" „ქართულ ოცნებას" მიმართავს

პუბლიკა

პარტია „ლელო” ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას მიმართავს, შეთანხმდნენ ვადამდელ არჩევნებზე. გთავაზობთ განცხადებას:

„ქართული ოცნების” ხელისუფლების რადიკალურმა, დანაშაულებრივმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. ვითარება შეუქცევადი გახადა, გუშინ ნიკა მელიას და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა.

მოგიწოდებთ, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე! პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ფართო ჩართულობით უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად. ლელო დაარსების დღიდან დგამდა და გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.