ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, შეხვედრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შეთანხმდნენ წითელი ხაზების გარეშე დიალოგის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, აქტივისტები კი – პირიქით.
„ცოტა დამღლელი შეხვედრა იყო, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული, ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ყველა საკითხზე პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
იყო პრემიერის წარმომადგენელი და 7 დეპუტატი ვიყავით პარლამენტიდან. იცით, რომ ამ თემაზე პარლამენტშიც იყო დიდი განხილვა და რამდენიმე შეხვედრა. ეს იყო იმის გაგრძელება ჩვენი მხრიდან.
მართალია, თქვენთან საუბარში ერთმა წარმომადგენელმა წითელი ხაზი მაინც ახსენა, მაგრამ შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვილაპარაკებთ.
ხელისუფლებაშიც, მე პირადად ამ პოზიციაზე ვარ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული ამ ჰესის საჭიროებაში, ასევე მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ეს ჰესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს.
ამიტომაც დიალოგის დროს ასეთ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, დიალოგი ასე არ უნდა იწყებოდეს. დიალოგის ამით დაწყება შეუძლებელია, დიალოგისას ყველა დავსხდებით და ამ კითხვებს პუნქტ-პუნქტად გავივლით. ან ისინი დარწმუნდებიან ამის საჭიროებაში, ან ჩვენ დავრწმუნდებით“, – განაცხადა სუბარმა.
სუბარი ასევე გამოეხმაურა პრემიერის წარმომადგენლისათვის დასმულ შეკითხვას ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის ნაკლებობაზე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში იყო დიალოგის ნაკლებობა და საკითხი „იმდენჯერ უნდა განიხილონ, რამდენჯერად საჭირო იქნება“.
„ზოგჯერ არის, როცა მართლა ფიქრობ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი, ამაზე იყო 1 შეხვედრა, 2, 5 და რაღა საჭიროა მეტი, ხომ ყველასთვის ისედაც ნათელია? მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა და მართალი მიდგომა, იმიტომ, რომ ყოველთვის ჩვენ უნდა დიალოგი იმდენჯერ უნდა გვქონდეს, იმდენჯერ განვიხილოთ, რამდენიც საჭიროა.
მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა. იყო პრობლემა ის, რომ ბევრი პუნქტი ამ ხელშეკრულებიდან არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, პირადად ჩემთვისაც არ იყო ცნობილი და ეს ყველაფერი ბუნებრივია, დიალოგს ხელს უშლიდა“, – თქვა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ის არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის წამგებიანია. თუმცა, დიალოგის პროცესში ხელშეკრულებას საფუძვლიანად განიხილავენ.