საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობაც. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ და მხარეები მოტივირებულები არიან, მეტი პროექტი განახორციელონ ერთობლივად.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები.
„მათ შორის, ჩვენ ასევე განვიხილეთ დავითგარეჯის საკითხიც, შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას შეეფერება. კომისიები მალე გააგრძელებენ მუშაობას და მოგვიანებით გახდება ცნობილი კონკრეტულად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ილჰამ ალიევიც.
„აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და მოიცავს ბევრ სფეროს”, – წერს ილჰამ ალიევი.