NATO-ს სამიტის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს განიხილეს უკრაინის მიმართ კონკრეტული დახმარების საკითხები. თუმცა, ასევე ალიანსი შეთანხმდა, რომ უკრაინასთან ერთად უნდა დაეხმაროს სხვა პარტნიორებსაც, რუსული საფრთხეებისგან უკეთ დასაცავად.
„ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ დავეხმაროთ უკრაინას ყველაფრით, რითიც შეგვიძლია. მე მივესალმები, კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც დღეს ალიანსის წევრებმა წარმოადგინეს.
ამავდროულად, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ დავრწმუნდეთ, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტში უფრო დიდი ესკალაცია. რადგან ეს იქნება კიდევ უფრო დამანგრეველი და გამანადგურებელი.
ალიანსის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთიდან შექმნილი საფრთხეებისა და შესაძლო ჩარევის გამო. მათ შორის არიან საქართველო და ბოსნია & ჰერცეგოვინა.
ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი მედეგობის განმტკოცებაში“, – თქვა სტოლტენბერგმა.
სამიტის დასრულების შემდეგ ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები პარტნიორების გაძლიერებისთვის კონკრეტულ წინადადებებს აპრილში განიხილავენ.