შევუნარჩუნოთ კაფე „მზიური" თბილისს - „მზიურისთვის" პეტიცია შეიქმნა

პუბლიკა

„შევუნარჩუნოთ კაფე „მზიური” თბილისს და „მზიანს” – ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა. ამ ეტაპზე მას 1 829 ადამიანი აწერს ხელს.

„ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები. აქედან გამომდინარე, კაფე “მზიურის” ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ მხარდაჭერას – შევუნარჩუნოთ კაფე “მზიური” თბილისს და “მზიანს”!”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

სოციალურმა კაფე „მზიურიმ” 2024 წლის 15 ივნისს, ქონების მართვის სააგენტოსგან მიიღო წერილი, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და იგი განიხილება როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად.

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„მზიურის” შენობის გასხვისებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანა გოგუაძემ კახა კალაძეს მიმართა, რომ დატოვებს კაფეს, თუ საჯაროდ მიიღებს პირობას, რომ ის „გააგრძელებს თავისუფლების, ინკლუზის, გარემოს დაცვითი ღირებულებებით ფუნქციონირებას, როგორც სოციალური საწარმო და ხვალვე წავა”.

თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობს, რომ კაფე „მზიურს“ ექნება იგივე – სოციალური სტატუსი და ის პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა.