პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეუწყვეტს მანდატს ყველა იმ ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც შესაბამის განცხადებას წარადგენს.
„აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი. ეს არის ამბოხი, დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარალმენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს, გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა მათ მხარი არ დაუჭირეს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა.
ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.