ბმული კოპირებულია „შევწყვიტე ფიქრი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე, დაწყნარდით" - ჭიაბერაშვილი 30 ნოემბერი, 2022 პოლიტიკა პუბლიკა 01:09, 30 ნოემბერი, 2022 30 ნოემბერი, 2022 ბმული კოპირებულია „შევწყვიტე ფიქრი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე, დაწყნარდით”, – განაცხადა პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის” ეთერში. „თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე – შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ერთად დაენახეთ ხვალ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული – დამარცხებულს და დამარცხებული – გამარჯვებულს, გაუწვდის ხელს…”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მან გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ აქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა შეიკრას ანტი-ივანიშვილისეული და ანტიპუტინისტური პოლიტიკური კოალიცია, რა უნდა იყოს დღის წესრიგი და ამაზე საუბარს კვლავ გააგრძელებს. ჭიაბერაშვილის თქმით, არ შეიძლებოდა. მხოლოდ ოჯახის პასუხისმგებლობა ყოფილიყო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მისი პოზიციით, თავიდანვე პარტიის ბაზაზე უნდა შექმნილიყო ფართო საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც შევიდოდნენ პოლიტიკური ფიგურები, რამდენიმე ექიმი, ის, ვინც იმუშავებდა დიპლომატიურ/საგარეო „ფრონტზე”, უნდა შესულიყო ის, ვისაც დაევალებოდა გამართული მედიამენეჯმენტი. „და ჩვენ მთელი ეს პერიოდი ასე ზიგზაგებით არ უნდა გვევლო, ვინაიდან სწორედ ამით სარგებლობდა „ქართული ოცნება“. ეს უნდა გაკეთებულიყო და პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო პოლიტიკური და არა ოჯახის დონეზე. ეს ახლა მაინც გასაკეთებელია”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ასევე აქვს მკაფიო ხედვა, როგორი უნდა იყოს არაძალადობრივი საზოგადოებრივი პროტესტი და ამ მიმართულებებით გეგმავს შეხვედრას დაინტერესებულ ჯგუფებს. „ძალიან მკაფიო მაქვს ხედვა, როგორი უნდა იყოს ის ფართო, მშვიდობიანი არაძალადობრივი საზოგადოებრივი პროტესტი… რეჟიმს შეარყევს ყოველდღიური, რუტინული, თანმიმდევრული საპროტესტო მარშები. სხვადასხვა წერტილში. ასეთი მდგომარეობით, როდესაც ინიციატივა არის ივანიშვილის ხელში, ვერც სააკაშვილს გავათავისუფლებთ, ვერც საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილებები და ვერც არჩევნებს მოვუგებთ… მე ვაპირებ, რომ ყველა ადამიანთან, ვინც გამომეხმაურა, ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან გავაგრძელებ მუშაობას… მე არც აქამდე ვჩუმდებოდი და არც ამის მერე გავჩუმდები… მე ვხედავ, რომ არათუ უფსკრულის პირას, არამედ უფსკრულში ვართ და ახლა გაჩერება შეუძლებელია. და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, რომელიც გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, ჩემთან ერთად იქნება“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 27 ნოემბერს ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატობაზე უფიქრია და ამაზე ახლაც ფიქრობს.