შეწუხებული არ მახსოვხართ, პარლამენტთან სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი რომ იდგა - თალაკვაძე

პუბლიკა

„იძაბებით ჯვრის დანახვაზე?- მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა”, – ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ დადგმულ ჯვართან დაკავშირებით.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.

„იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი – საქართველოს პარლამენტი იმსახურებს.

აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე შეიკრიბნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პარლამენტის შენობის წინ კი ჯვარი დადგეს.